პატარა ტარიელი
დიდი ხანია ჩვენ გიმნაზიაში მისთანა გულის-ყურიანი არავინ ყოფილა, როგორიც პატარა დიტო ცალქალამანიძე გამოდგა: ნიჭს გარდა ზნეკეთილს, სწავლის ხალისიც დიდი ქონდა. დიდსა და პატარას, ვინც კი იცნობდა, ყველას უყვარდა და სულში იძვრენდენ. როგორც პირველი მოწაფე, კლასიდან კლასში საჩუქრებით გადადიოდა. მეოთხე კლასამდი ტოლი არა ჰყოლია, მაგრამ აქ კი რაღაც ალალმა დაუქროლა: გუნება შეეცვალა, სწავლაზე გული აიყარა, ახირებულობას მისცა თავი და ადრინდელ დიტოსი ნიშან-წყალიც აღარ შერჩენია!.. თვითქოს თვალი ჰკრეს და გაღალესო, აღრენილი დადიოდა!.. სხვებ კი გარეგნად ავათმყოფობის არა ეტყობოდა რა: ფერ-ხორცად კარგად იყო და არც სიმსუქნე ჰკლებია; მხოლოდ საულვაშის ძირზე კი აქეთ და იქით ცერცვის ოდენა სიწითლე დაჯდომოდა და ხმაც ადრინდულად აღარ უკრიალებდა და მკვეხად გაბოხებოდა და ცოტა ნაძალადეობაც ეტყობოდა. — შინაურებში მაინცა და მაინც დიდ ყურადღებას არ აქცევდენ: „არა ფერია! მოზარდია! ამ ხანში ასე იცისო!.. სანამ ამისთანა დარებია, ტყე და ველსა ჰყავს წატყუებული — თავის ნებაზე ვეღარ ასვენებს და მისი ბრალიაო!.. ზამთარი რომ შინ შემოდენის, მაშინ ისევ ისე ძველ კალაპოტში ჩადგებაო“. ასე ჰფიქრობდენ, მაგრამ გაუცუდდათ იმედი! ზამთარში უფროც გაჭირვეულდა ყმაწვილი. ნადირობის ჟინმა აიტაცა და დილიდან საღამომდე, რაღაი კი სასწავლებელს თავს დაახწევდა, სულ გარეთ იყო. იმ პატარა ჩიტუნიებს, ადრე რომ ასე უყვარდა და ებრალებოდა, ახლა სადაც კი შეიგულებდა, მოსისხარ მტერივით მუსრს ადენდა. ერთხელ ახირდა, თავის ნანადირევი დაიჭირა ხელში და გასწია მეზობლისაკენ... იქ ერისთავის ოჯახში პატარა, ათი წლის მეგობარი თინა ეგულებოდა და იმასთან მიჰქონდა ძღვნად. პირდაპირ შევიდა ოთახში, მაგრამ ვერავინ დაინახა, თუმცა აქეთ-იქით კი თავ-მომწონედ იყურებოდა. უცებ ფარდა შეირხა, გამოყო თავი დამალულმა თინამ და „ჭიტაო!“ — მიაძახა. ჯერ გაეცინა დიტოს, მაგრამ ბოლოს შეიჭმუხვნა სახე და უეცრად დაეშვა ძირს — გაინართხა გულშემოყრილი. თინამ დაიკივლა. მის კივილზე უფროსები შემოცვივდენ და გულშეწუხებული ბავშვი რომ ნახეს, მისცვივდენ. ბევრი უსრისეს ცხვირი და ყურები... წყალიც ბევრჯერ დაასხურეს თავზე, მაგრამ არა ეშველა რა. მართალია, ყოველთვის, როცა კი ცივი წყალი ესხურებოდა ხოლმე, შემკრთალი, თვალებს ახელდა, მაგრამ ისევ ისე ხუჭავდა და ნაბავდა თვალებს. ბევრი მეცადინეობის შემდეგ რომ ვეღარა გაუხერხეს რა, ერისთავიანნი იძულებული შეიქნენ, შინ გაეგზავნათ ხელში აყვანილი ყმაწვილი. ახლა კი გამოჭყიტეს დიტოს სახლში თვალები... შეიცხადეს და ერთმანეთს დაუწყეს საყვედური: „არა შენი ბრალია და არა შენიო!“ ცოლი ქმარს ამტყუნებდა: „შენ მომიკალი შვილი! შენი ბრალია!.. იძახდი: არა უშავს რა, გაივლისო და მე მზე ბნელმა დაგიჯერეო!..“ „ჩემი კი არა, შენი ბრალიაო, — პასუხს აძლევდა ქმარი — მიგიშვია მის ნებაზე თითის სიგრძე ბავშვი... დარბის აქეთ-იქით ამ დიდ თოვლში... ჩიტების დევაში ამოდის სული და ვეღარას გებულობსო. გაცივდებოდა, აბა, რა მოუვიდოდაო!..“ ბევრი იწუწუნეს, ბევრი ითავცემეს და ბოლოს გული რომ გაიჯერეს, აფრინეს აქეთ-იქით კაცები ექიმზე. ექიმებიც მოვიდენ, გასინჯეს ყმაწვილი, ხან მუცელზე დაადვეს ყური, ხან გულ-მკერდზე, ხან ზურგზე, ხან სად და ხან სად... ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ ყველამ კი სულ სხვადასხვა გვარად გამოიკვლია: ერთმა სთქვა: „ჭია მორევიაო!“ მეორე ამტკიცებდა: „ჩუმი, ჩაყოლილი ცივების ბრალიაო!..“ მესამემ გულის სისუსტეს მიაწერა, მეოთხემ — კუჭს და ამგვარად. ყველამ თავისებური რეცეფთი დასწერა და მითი გათავდა საქმე. ავადმყოფს თვალის დასანახავადაც არ მიუკარებია მათი წამალი და დედ-მამას მხოლოდ იმას ეხვეწებოდა, რომ სისხლი გამართვითო. უკვირდათ მისი ახირებული ჟინიანობა და აღარ იცოდენ, რა ექნათ? საჭმლის მადა კარგი ჰქონდა ბავშს, სიცხეც არ ეტყობოდა, მხოლოდ სუსტად იყო მიგდებული და წამდაუწუმ ოხრავდა. ხანდახან, როცა იმასთან აღარავინ იყო ხოლმე, წამოჯდებოდა და რაღაც შეფერებულის ღიმილით ბუტბუტებდა: „სევდა რამე შემომყრია, სამკურნალო არა მჭირსო!“ ნაცნობებმა დრო იშოვნეს მოდიოდენ ავათმყოფის სანახავად და მთელი დღით რჩებოდენ, რომ გამწარებული დედა ენუგეშებიათ. სადაც კი გაეგონათ რომელიმე სოფლის ექიმის სახელი, ყველაზე უთითებდენ და არწმუნებდენ ფიცით, რომ ის მოგირჩენსო. მარჩიელთანაც კი მიასწავლეს!.. ამასობაში რამოდენიმე დღემ გაიარა და დიტოს კი მაინც არა ეტყობოდა რა. ერთ კვირა საღამოს ერისთავის ცოლი შემობრძანდა სანახავად და პატარა თინაც თან მოჰყვა. შემოდგა თუ არა ოჯახში ფეხი, ავათმყოფმა მოიხედა და გამოცოცხლდა. „ღმერთმა ნუ მომაკლოს შენი იმედი და ნუგეში!.. დიდი ოჯახის შვილი ბრძანდები... დიდი ბედნიერი და ფეხიც ბედნიერი გაქვსო! — სწორედ შენ ფეხზე მოიხედა და გამომიბრუნდა შვილიო!..“ ეუბნებოდა მასპინძელი სტუმარს. და მართლაც, დიტო წამოდგა ზეზე, ხელ-პირი დაიბანა, ტანთ ჩაიცვა და მარჯვეთაც